ცარიელი ქილა

სტუდენტებმა უკვე შეავსეს აუდიტორია და ლექციის დაწყებას ელოდნენ. შემოვიდა ლექტორი და მაგიდაზე მინის ცარიელი ქილა დადგა.

– დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?

– ის ცარიელია, – თქვა ვიღაცამ.

– მართალია. – დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომსიკა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო. – ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?

– ახლა ქილა სავსეა, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო. – ახლა რას იტყვით?

– ქილა ნამდვილად სავსეა, – თქვა ვიღაცამ.

მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები.

– აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები.

მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა.

– ამჯერად ქილა ნამდვილად სავსეა! – თქვა მან. – მე თქვენ აგიხსნით რა მოხდა. ქილა – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ქვები – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში: ჩვენი ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია; ბარდის მარცვლები – ეს ის საგნებია, რომლებიც არც ისე მნიშვნელოვანია: მაგალითად, ავტომანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი და სხვ.; ხოლო სილა – ეს არის უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა, წვრილი პრობლემები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მე რომ თავიდანვე ქილაში სილა ჩამეყარა, მაშინ ადგილი აღარ დარჩებოდა არც ქვებისთვის და არც ბარდის მარცვლებისთვის. ამიტომ, არასოდეს მისცეთ უფლება სხვადასხვა წვრილმანებს, რომ შეგივსონ მთელი თქვენი ცხოვრება და თვალები დაგიხუჭონ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებსა და საგნებზე. ლექცია დამთავრებულია.

– პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა, – და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?

პროფესორს გაეღიმა:

– ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის.

ალბერტ აინშტაინის 15 პოზიტიური სიბრძნე

  1. ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული.
  2. დამთხვევათა წყალობით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს.
  3. წარმოსახვა  – ეს ყველაფერია. ეს არის წინასწარი ჩვენება ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენებისა.
  4. ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის არის მიღებული განათლება.
  5. მე ვისწავლე ვუყურო სიკვდილს, როგორც ძველ ვალს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადო.
  6. საღი აზრი – ეს არის თვრამეტი წლის ასაკამდე შეძენილ ცრურწმენათა ერთობლიობა.
  7. საერთაშორისო კანონები არსებობს მხოლოდ საერთაშორისო კანონების კრებულებში.
  8. თითოეული ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს სამყაროს სულ მცირე იმდენი, რამდენიც მისგან აიღო.
  9. შენ ვერასოდეს მოაგვარებ პრობლემას, თუ იფიქრებ ისევე, როგორც მისი წარმომქმნელი.
  10. ყველაზე ძნელი გასაგები რამ – ესაა საშემოსავლო გადასახადი.
  11. რა შეუძლია თევზმა იცოდეს წყლის შესახებ, რაშიც მთელი ცხოვრება დაცურავს?
  12. ავტორიტეტებისადმი ზიზღის გამო რომ დავესაჯე, ბედისწერამ თავად გამხადა ავტორიტეტი.
  13. მეცნიერული აღმოჩენების პროცესი – ეს არის მუდმივად სასწაულებისგან გაქცევა.
  14. მცირე ცოდნა სახიფათოა, ისევე როგორც, ბევრი.
  15. ყველაზე შეუცნობადი სამყაროში ის არის, რომ ის შეუცნობადია.

არსებობს თუ არა ბოროტება?!

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:  დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …
პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი: …
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ) Continue reading

ეთერ ზარიძე

ვწუხვარ

ვწუხვარ, მთები გულის წადილს რომ არ მიყოფს,
ფიქრი ნისლად გაეფინა ქარაფებზე…
ჩემო კარგო, შენ რომ ახლა ჩემთან იყო,
მაშინ აღარ ვიდარდებდი არაფერზე.
ღრუბლის ქულებს ალბათ ხელით შევწვდებოდი,
ახდებოდა ნატვრა ზეცად ანაფრენი,
მაგრამ ვიცი, რომ ეს ფიქრიც ამაოა,
სამყაროში არ იცვლება არაფერი.
ვწუხვარ, მაშინ ყველაფერი რომ ვერ ითქვა,
ვწუხვარ, რომ არ ამისრულდა განზრახული,
წრფელი გრძნობა სურვილს რომ ვერ გაერითმა,
ნაადრევად დამიზამთრდა გაზაფხული.

დალი მუხაძე

რომ მოხდებოდეს

ა-ს

რომ მოხდებოდეს
სასწაული,
ჩამოდნებოდეს სანთელი.
ცხოვრება რას არ გასწავლის,
სად ჩაგიქრება ნათელი.
უმზეოდ როგორ გავძლებდი,
რომ არა შენი ხატება,
გულში რაცა მჭრის, ტიალი,
ტილოზემც დაიხატება.
ჩამოიფლითა ცის კალთა,
ქვეყანას ცეცხლი ედება…
ვაიმე, როგორ მიყვარს და
ის კი სად დაეხეტება!

* * *
აუ, თუ კაცი ხარ დამეხსენი!
რა დროს პოეზიით ბოდვებია,
ჩემი ერთი მადლი გავიხსენე,
ყველა დანარჩენი –  ცოდვებია.

ჭრელი სტრიქონები ვის რად უნდა,
როცა რეკლამებით ბრუვდებიან,
ისევ ძველი დარდი დამიბრუნდა,
მოგონებები კი ხუნდებიან.

ცის ზოლს ადევნებულ უდაბნოში
მიდის უგზო-უკვლოდ ქარავანი,
არ ღირს გახვრეტილი ერთი გროში
მათი გაბეყილი ფალავანი.

ჰოდა, თუ კაცი ხარ – დამეხსენი!
ყელში კაკტუსები გროვდებიან.
ერთი მადლი ძლივას გავიხსენე,
ყველა დანარჩენი – ცოდვებია.

მაგრამ ულექსებოდ გული, როგორც –
კარი ჯვარედინად აჭედილი,
ჯერ დაუკრეფავი ვენახები
მტრისგან უმოწყალოდ აჩეხილი.

გულს რა ვუყო, თორემ რა დროსია
პოეზიის ალით აალება…
…მეც ვწერ ხუთოსანი სტუდენტივით
ლექსებს – საშინაო დავალებას.

* * *
ფიქრი – ნისლიანი დილაა
გული – დახურული წვიმებით,
ნატვრა – თეთრი ღრუბლის ფთილაა,
ელვა – გაწყვეტილი იმედი.
მზერა – დანამული ნამებით,
სული – გაძარცვული უშენოდ,
წუთი – ასი წელი წამების,
იმედს როგორ უნდა ვუშველო?
ეხლა პოეზიის ჟამია,
შენთან – სიმშვიდეა სადაგი…
შენი გაღიმება შხამია,
შხამი – უტკბილესი ბადაგი.

ჰოროსკოპი

თხის რქა

22 დეკემბერი – 19 იანვარი
ზოდიაქოს მე-10 ნიშანი
მიწის მე-3 ნიშანი

მმართველი პლანეტა: სატურნი.
ბედნიერი რიცხვი: 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ვაცი.
ასტროლოგიური ფერები: შავი, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი.
ასტროლოგიური თვლები: ფირუზი, დილაქვა, ონიქსი, მთვარის ბროლი.

თხის რქა განაგებს ჰოროსკოპის მე-10 სახლს! წარმატების სახლს!

თხის რქის მმართველმა პლანეტამ – სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიტყვა – სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.

გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.

დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სხვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშობს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიჭაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.

თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.

ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია“. თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.

მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს. თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.

თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენაც კი. ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.
Continue reading

ჩემი თუთიყუში

ეს არის ჩემი დებილუკა. სახელად ჰქვია კოკო. გოგოა, და თან კაპარჩხანა. ჩემი მეუღლე ჭიჭის ეძახის (ადრე, ძველ თუთიყუშს ჭიჭიკო ერქვა და ახალ სახელს ვერ ეგუება), მე კოკუნიას ვეძახი. მაგრამ რაც არ უნდა დაუძახო, გამოექანება და მოასკდება გალიას. ჭყიპინებს და ჭყიპინებს, თამაში უნდა. და რაში მდგომარეობს ეს თამაში? თითებით უნდა მოეფერო გალიაში და ის კი გკბენს. ხან კედელზეა მიკრული, ხან გალიის ჭერზეა ჩამოკიდებული ღამურასავით (განსაკუთრებით უყვარს ეს პოზა), ამიტომ ღამურასაც ვეძახი. გარეთ გამოსვლა არ უყვარს. ურჩევნია, გალიაში იყოს და იქიდან გეთამაშოს.

მარტში მოვიყვანე 2 წლის წინ და ისეთი პაწაწუნა იყო. პატარა და უკუდო. ძალიან სასაცილო. აი, ასეთი:
მერე გაიზარდა, კუდიც გაეზარდა და გაცელქდა. გიჟდება, ისე უყვარს ქაღალდების გლეჯვა და ძიძგნა. კედელზე რაც ფეხბურთელების პლაკატები იყო, სულ დახია და გააფუჭა. მაგრამ მაინც ისე ძალიან მიყვარს, ისე, რომ რა ვიცი!

ახალ წელს თავისი ნაძვის ხე ჰქონდა:
.
გალიაში სარკე უდგას და სულ ეჩხუბება. ეტყობა ჰგონია, რომ სხვა თუთიყუშს ხედავს. იმდენს ეძიძგილავება, სანამ არ გადმოაგდებს ხოლმე სარკეს. გალიის ფსკერზეც არ ასვენებს, უნისკარტებს და ეჭყიპინება. სამაგიეროდ, გალიაში ჩამოკიდებული სათამაშო ძალიან უყვარს. ეჭღურტულება და ნაზად უკაკუნებს ხოლმე ნისკარტს. თან თვალებს ნაბავს.

ერთადერთი, რაც კოკომ არ იცის, ეს არის ლაპარაკი. ხომ ვამბობ, დებილუკაა-მეთქი. ჰოდა, ვერ ისწავლა. არც არის საჭირო. ისედაც მშვენივრად მაგებინებს რა უნდა.

სურათები, რომლებიც გვახალისებს

2008 წლის აგვისტო. აი, როგორი აბრა იყო გამოკრული ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ პუნქტში:

რა მოგივა, როცა მთელ დროს კომპიუტერთან ატარებ:

რუსი ბავშვების საყვარელი გაზეთი

რომელი უფრო დიდია, ბავშვი თუ საზამთროს ნაჭერი?

მართალია, ღორის გრიპი უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ

დალი მუხაძე

* * *
ძალიან ეცადე – არ შემყვარებოდი,
გაკრთობდა ღიმილი, სიტყვა და სიმღერა,
ძალიან ვეცადე – არ შემყვარებოდი
მაგრამ… ვერ შევძელი ვერა და ვერა.
მზეობენ ალვები და … შემოდგომაა…
დაბორიალებენ ღრუბელთა ფთილები,
მე უკვე მიყვარდი, არ შემიყვაროო
სანამ მეტყოდი და გამაფრთხილებდი.
ახლა კი… რაღა დროს!
ქარს ძველი ფოთლები
სულ შენი სახლის წინ
მიმოუფანტია.
როგორ დაგაჯერო, მართლა, არ ვთამაშობ!
ვერაფრით მოვირგე გულგრილის მანტია.
ზოგჯერ რა ძნელია ყოფას უარყოფილს
დაუსვა სულ ბოლო ობოლი წერტილი.
ამ ბინძურ ჭაობში ეძებდე მარგალიტს
და მერე არ დარჩე სასოწარკვეთილი.
ო, როგორ ეცადე არ შემყვარებოდი,
დრომ შენც გადაგაწნა მხურვალე შოლტები.
გახსოვს, მეც შეგპირდი არ შეგიყვარებდი
მაგრამ… ეჰ… ვერაფრით, ვერაფრით
გშორდები.

ოფისის მცენარეები

ზეცის მარანში
მზე დაიწურა
ცოდვილ მიწაზე
ჩამოდნა წვიმად.
დგანან მზის ღვინით
მთვრალი ხეები,
ნაბახუსევი
ფოთლები სცვივათ…     /დ. მუხაძე/

ჰოდა, ოფისში, ჩემ ოთახში, ფანჯრის რაფაზე აყვავდა რაღაც მცენარე. არც კი ვიცი, რა ჰქვია. უბრალოდ მომწონს, ლამაზია და წყალს ვუსხამ. ჰოდა, აყვავდა. გამეხარდა, მომეწონა და გადავუღე სურათი. ფოთლებიც რა უცნაური ფერის აქვს… ოღონდ ეს ცოტა ადრე იყო, ზაფხულში 🙂

მაინც მოწყენილობაა… ერთნაირი სიუჟეტები, ერთნაირი სახეები, ერთი და იგივე ფრაზები და წინადადებები…

მერე გადავინაცვლე მეორე ფანჯარასთან. აქ წიწაკას ველოლიავები. გაიზარდა, მაგრამ თეთრი ყვავილების მეტი ვერაფერი ვიხილე. გაიშლება ყვავილი, ჩამოვარდება, მერე კიდევ ერთი გაიშლება, მერე მეორე და მესამე და ასე შემდეგ. წითელი პაწაწუნა წიწაკა კი არ ჩანს 😦
აი, სურათიც:

ესეც ყვავილი:

სამაგიეროდ, იცოცხლე, კაკტუსები იზრდება გადასარევად!
თუმცა, ყვავილი არ მინახავს მათი არასოდეს.

აქ, ფულის ხეც არის გარეული, ჯერ პატარაა, მაგრამ მასაც სათუთად ვუვლი და გაიზრდება ისიც აუცილებლად დიიდი ხე!

იცი, რა მენატრება?
თოვლიანი ქუჩები,
თოვლი ბაღის კიდეზე
ქარის მონაქუჩები.
კიდევ რა მენატრება?
(რითმა ითხოვს „ტუჩები“)
არა, ტუჩებს ვინ მაწვევს,
რისხვას ვერ გადვურჩები.   /დ. მუხაძე/