გამოცხადება

ძველი დღეები საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად სცივათ ფანტელებს.
მე მეშინია, ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჯის ხმა მომაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი, მიწისგან დანავალები.
მე გარიჟრაჟზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი… ცა იყო თეთრი და აჟრჟოლებდათ ფრთოსან ასულებს.
რომ მოსულიყავ, მე გაგიმხელდი სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეჰ, არ ღირს, არ ღირს, არ ღირს ლოდინი! არ ღირს და მაინც… მე მაინც ვიცდი!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი”.
ჟამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთა წყება.
ეს ბოლოს, როცა გარდაიცვლება მზე შემოდგომის და შეგცივდება.
ო, მეშინოდა ზამთართ არულის და ის ზმანებაც აცხადდა ახლა…
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა, ვინ დამანათლა!
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილებიც სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ, რას დაგიშავებ… მოგეფერები, ნუ გეშინია!
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
მე ახლა ვიცი, საით წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მახსოვს, ბილიკებს ნისლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით.
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიქრით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი, რატომ არ მოხველ და ცად ზარები რატომ შფოთავდნენ.
უუნათლესი მზენი გწყალობდენ, გღლის მოსული და ელი მოსასვლელს!
ახლა ზამთარი ყურში ჩამალულ ფიფქების ბანქოს თავისთვის იშლის…
მე რა ვიცოდი, კაცის სიყვარულს რომ უნდა ახლდეს დაკარგვის შიში.
მე რა ვიცოდი, ფარსი ფერების, ბოლოსდაბოლოს გზა რომ ორდება.
რომ შარშანდელი ფოთოლცვენები დამაცხრებოდნენ ყვითელ ორბებად.
რომ მირაჟები ასე თავდება და სინანულად არ ღირს სხეული…
ძვირფასო, ჩემი შემოღამება არ იქნებოდა ასე ეული.
შორს გარიჟრაჟის ზარები რეკენ და ზამთრის შოლტზე წუხან იფნები.
გაგეღვიძება და გაიხსენებ, რომ სიზმრად მნახე და გაფითრდები.
იტყვი, რომ მოველ თეთრი სუდარით და შებინდების მოვგავდი ლოცვას.
რომ დაგიბრუნე შენი სურათი და გადავიქეც მწუხარე ფოთლად.
რომ მიდიოდი სადღაც და უცებ აგაწრიალა ძველმა იარამ…
მერე შეჰყვირე და დაიფერფლე და იმ ბილიკზე მზემ ჩაიარა.
რომ დასტიროდი საკუთარ ნაცარს და აგროვებდი იმ ნაცარს ვითომ…
რომ არსაიდან არარა ჩანდა და დაბრუნებაც გვიანი იყო.
იტყვი, არ ვიცი, მესიზმრა რატო… მე კი, ეჰ, მე კი ვიცი რამდენი!
ვიცი, ო, ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ გეშინოდა ჩემი დარჩენის.
ვიცი! მწველია თეთრი სინათლე, ჭეშმარიტების სხივო, მარტვილო,
ვიცი! რომ სძულდე – უნდა გიყვარდეს და რომ უყვარდე – უნდა დასცინო.
ვინ წააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
ვიცი, ჰო, ვიცი, უნდა წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მივდივარ… ო, იქ ზართა რეკაა და წყვდიადების ცივი სისველე.
ეჰ, მაპატიე, რა დროს ეგაა… გემუდარები, რამე მიშველე!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი!”
ჰე! მიმიხმობენ ზარები მორჩილს, და გალობანი ფრთოსან ასულთა…
მადლობელი ვარ, რომ არსებობდი… და რომ სიზმარი ასე დასრულდა…

ლია რუსიაშვილი

ნიკო გომელაური

რამდენი რამ დაწერილა წვიმაზე,
მე ახალი რაღა უნდა დავწერო?
მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე,
რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო.
რა ვქნა, კალამს ვერ ვაკადრებ დავდუმდე,
ფიქრი უნდა ფურცლებზე დავაქციო.
სულ ახალი ლექსით უნდა დავბრუნდე,
გუბეებში წრეებად რომ ვაქციო.
თუმცა სეტყვა სულ არ იწვევს რომანტიზმს,
ნამეტანსაც ნურავინ დაიბრალებს.
მე ის მიყვარს, ხულიგნურად როცა წვიმს,
ქალს რომ ჩითის კაბას გაუმჭვირვალებს.
ანდა წვიმას უდაბნოში რაღა სჯობს,
იქ ხომ წვეთი ოქროს ზოდის ფასია.
ოქროსთვის კი – ვიცი ძმა ძმას დაახრჩობს
ადამის შვილს არ აქვს სხვა ფანტაზია.
ხალხი ჩქარობს შეიტანოს, დაზვეროს,
ფლიდი ტყლაპო ფეხს უსველებს ჯინაზე.
მეც ახალი რაღა უნდა დავწერო,
იმდენი რამ დაწერილა წვიმაზე.

:)


საბოლოოდ მაშინ გავიგე, რომ მე ყველაზე უიღბლო ვარ, როდესაც ქუჩაში შავმა კატამ გზა დამითმო.

* * *

ახლა კი კაცობრიობის ხუთი საუკეთესო ტექნოლოგიური მიღწევა:
მეხუთე ადგილზეა: ვერტმფრენი კატაპულტირებადი კაბინით.
მეოთხე ადგილი: მზის ელემენტებზე მომუშავე ფანარი.
მესამე ადგილი: ჩაის ფერი წყალგაუმტარ პაკეტებში.
მეორე ადგილზე გახლავთ: პარაშუტი რომელიც მიწაზე დაცემის შემდეგ იხსნება.
და ახლა კი ჩვენი გამარჯვებული, უახლესი გამოგონება! ვენტილატორი რომელიც ელექტრო ენერგიას არ მოიხმარს, იგი მუშაობს ქარზე.

* * *

ზარმაცი კაცის 10 მცნება

1. დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია, ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ დაისვენო.
2. შეიყვარე საწოლი შენი, როგორც საკუთარი თავი.
3. თუ ხედავ, რომ ვინმე ისვენებს, დაეხმარე მას დასვენებაში.
4. დაისვენე დღისით, რათა ღამით შეძლო დაძინება.
5. სამუშაო წმინდა რამ არის, ნუ შეეხები მას.
6. თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო, ნუ გააკეთებ მას დღეს. თუ ზეგ გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია, ორი დღე თავისუფალი გექნება.
7. იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები, სხვებსაც დაუტოვე სამუშაო.
8. დაწყნარდი, დასვენებისგან არავინ მომკვდარა, მუშაობისგან – რამდენიც გინდა.
9. თუ გრძნობ, რომ მუშაობა გინდა, დაჯექი და ყველაფერი გაგივლის.
10. თუ მუშაობა ჯანმრთელობაა, დაე ავადმყოფებმა იმუშაონ.

„ჩაკნორიზმები“

1. ჩაკ ნორისს სიკვდილი არ მოუტყუებია, “ჩესნად” მოუგო!

2. მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია Recycle Bin-ის წაშლა.

3. როდესაც ბუგიმენი დასაძინებლად წვება, ჯერ ამოწმებს ხომ არ არის ჩაკ ნორისი მის კარადაში!

4. თუ შენ გაქვს 5 დოლარი და ჩაკ ნორისსაც აქვს 5 დოლარი, ჩაკ ნორისს უფრო მეტი ფული აქვს.

5. ჩაკი არ კითხლობს წიგნებს… წიგნები თავად უყვებიან შინაარსს ჩაკს!

6. ჩაკ ნორისმა უსასრულობამდე დათვალა ორჯერ.

7. ჩაკ ნორისი არ ატარებს საათს, ის თვითონ წყვეტს რომელი საათია.

8. ჩაკ ნორისს თვალგახელილი შეუძლია დაცემინება.

9. ჩაკ ნორისის კომპიუტერს არ აქვს “ctrl” ღილაკი, ის ყოველთვის აკონტროლებს მას.

10. როცა ჩაკ ნორისი ჩადის წყალში, ის არ სველდება, წყალი ჩაკნორისდება.

Continue reading

ოთარ ჭილაძე

* * *

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც…
შენ ხარ – აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

* * *

სახურავებზე,
სახელურებზე,
საფეხურებზე,
ქვაფენილებზე –
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.
თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…
მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს
მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს
და გაიცინო, როგორც იცინი
ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,- 
თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძჳნებ
უცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.
ქვაფენილებზე,
საფეხურებზე,
სახელურებზე,
სახურავებზე –
დაფენილია თოვლი და მთვარე.

ეცემა თოვლი, თეთრი-ფრინველი,
ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა, 
ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად 
არ შემიძლია მე შენი პოვნა. 
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა 
მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. 
ეცემა თოვლი… რა იცის თოვლმა, 
რა იცის ჩიტმა-მიფრინავს ჩიტი. 
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება 
თოვლივით ჩუმი და შემპარავი, 
მე კი ყოველთვის მემახსოვრება, 
რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის. 
ეცემა თოვლი და დროს მიყვება 
ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი 
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები 
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი.

Continue reading

წვიმა

ცა დაიფარა რუხი ლაქებით, –
წვიმა წამოსვლად უკვე მზად იყო
და ალბათ ბევრი ჰქონდა სათქმელი,
საღამომდე რომ ვეღარ გადიღო.

დაიწყო…
ჰგავდა ჟღურტულს ბავშვისას,
გეგონებოდათ, ჩვილი დადისო.
მერე თანდათან უფრო გახშირდა,
მჭერმეტყველების ცეცხლით აივსო, –
ბევრი იბორგა, ბევრი იდავა,
ღრუბლებს მუშტივით თავში იცემდა…
მერე წავიდა სადღაც, მთის გაღმა,
იქაც – მაისის დასამტკიცებლად!

მიხეილ ქვლივიძე

მოსკოვის მეტროში

თხუნელასავით რომ დაძვრები მიწის ქვეშ ისევ,
ისევ და ისევ საზრუნავით ყელამდე სავსე,
უცებ გასასვლელს დაინახავ, გაიწევ მისკენ,
და… “Нет выхода” – შეგაჩერებს წარწერა კარზე.
გენიშნა, განა?! … “Нет выхода” ქართულად ასე
წაიკითხება: “არ ყოფილა შენი საშველი!”
შენზე ათასჯერ უკეთესნიც ამაოდ დაშვრნენ,
მამა გიცხონდა, რა მოხდება, შენც თუ დაშვრები!
რამდენიც გინდა ეჭიდავე ქართულ სტრიქონებს,
იჯექ და მარცვლე მოგონების კრიალოსანი,
გინდ გაიხსენე, გინდა შეთხზე, გამოიგონე
მიზეზი რამე, რამაც შენში მოჰკლა მგოსანი, –
ვერ გაიმართლებ თავს წინაშე მომავალ დროთა:
ასი წლის შემდეგ ვინმე ვაჟა ან ვინმე შოთა –
შავტუხა ბიჭი “დედაენას” გადაშლის მერხზე,
დაიზეპირებს სახელოვან სეხნიას ლექსებს,
დაატკბობს ტურფა მეტყველების ლაღი დინება…
იგი არც შვილი იქნება შენი,
მას არც სახელი ეხსომება, ცხადია, შენი,
სამაგიეროდ მას ქართული ეცოდინება!

 
მიხეილ ქვლივიძე

* * *

ეს წლებიც ასე გავიდა… ოცნებამ გადამივიწყა,
ჩემი თავნება ფიქრებიც მიმოიფანტნენ ფიფქებად.
იქნებ დაბერდა ეს გული, იქნებ ოცნებაც გახუნდა?
იქნებ სევდა და ნაღველი წარსული გზიდან დაბრუნდა?
იქნებ აღარ ღირს სიმღერა, გულიდან ამონადენი,
რად მინდა ფუჭი, გავლილი, მოგონებანი ამდენი?
წვიმაც ფანჯრიდან ციმციმებს, ისიც დაღლილი, ეული,
ეს წვიმა ჩემი ფიქრია, წვეთებად გადაქცეული.

ხან ელვა მიღებს დარაბებს,
ხან ქარი გადარეული,
ოღონდ შენ მყავდე გვერდით და…
დე ვიყო გზააბნეული.

* * *

სხვა გზა არ მქონდა ფიქრებით დაღლილს,
ვიჯექი, ჭიქა მეჭირა ხელში.
გარეთ კი ალბათ დაძრწოდა ქარი,
ან ტროტუარებს მოჰქონდა თქეში.
მე განა ღვინით ვიყავი მთვრალი,
თოვლი მათრობდა დამდნარი მთებში.

ახლაც ფიქრები არ მასვენებენ,
ვიცდი და თვითონ არ ვიცი რატომ.
კართან კი ფრთხილად დარაჯობს ქარი
და თუ რას ვფიქრობთ, მან იცის მარტო.
მე განა მართლა ღვინით ვარ მთვრალი,
გავდივარ გარეთ და თავზე მათოვს.

აი, ესაა ჩემი ცხოვრება.
ვიცი, რომ ხვალაც ასე იქნება:
ოთახში მაინც შემოვა ქარი,
გაიზუზუნებს და გაფითრდება.
მე მაშინ ღვინით ვიქნები მთვრალი
და შენი სახე დამავიწყდება.