გამოცხადება

ძველი დღეები საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად სცივათ ფანტელებს.
მე მეშინია, ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჯის ხმა მომაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი, მიწისგან დანავალები.
მე გარიჟრაჟზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი… ცა იყო თეთრი და აჟრჟოლებდათ ფრთოსან ასულებს.
რომ მოსულიყავ, მე გაგიმხელდი სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეჰ, არ ღირს, არ ღირს, არ ღირს ლოდინი! არ ღირს და მაინც… მე მაინც ვიცდი!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი”.
ჟამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთა წყება.
ეს ბოლოს, როცა გარდაიცვლება მზე შემოდგომის და შეგცივდება.
ო, მეშინოდა ზამთართ არულის და ის ზმანებაც აცხადდა ახლა…
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა, ვინ დამანათლა!
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილებიც სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ, რას დაგიშავებ… მოგეფერები, ნუ გეშინია!
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
მე ახლა ვიცი, საით წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მახსოვს, ბილიკებს ნისლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით.
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიქრით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი, რატომ არ მოხველ და ცად ზარები რატომ შფოთავდნენ.
უუნათლესი მზენი გწყალობდენ, გღლის მოსული და ელი მოსასვლელს!
ახლა ზამთარი ყურში ჩამალულ ფიფქების ბანქოს თავისთვის იშლის…
მე რა ვიცოდი, კაცის სიყვარულს რომ უნდა ახლდეს დაკარგვის შიში.
მე რა ვიცოდი, ფარსი ფერების, ბოლოსდაბოლოს გზა რომ ორდება.
რომ შარშანდელი ფოთოლცვენები დამაცხრებოდნენ ყვითელ ორბებად.
რომ მირაჟები ასე თავდება და სინანულად არ ღირს სხეული…
ძვირფასო, ჩემი შემოღამება არ იქნებოდა ასე ეული.
შორს გარიჟრაჟის ზარები რეკენ და ზამთრის შოლტზე წუხან იფნები.
გაგეღვიძება და გაიხსენებ, რომ სიზმრად მნახე და გაფითრდები.
იტყვი, რომ მოველ თეთრი სუდარით და შებინდების მოვგავდი ლოცვას.
რომ დაგიბრუნე შენი სურათი და გადავიქეც მწუხარე ფოთლად.
რომ მიდიოდი სადღაც და უცებ აგაწრიალა ძველმა იარამ…
მერე შეჰყვირე და დაიფერფლე და იმ ბილიკზე მზემ ჩაიარა.
რომ დასტიროდი საკუთარ ნაცარს და აგროვებდი იმ ნაცარს ვითომ…
რომ არსაიდან არარა ჩანდა და დაბრუნებაც გვიანი იყო.
იტყვი, არ ვიცი, მესიზმრა რატო… მე კი, ეჰ, მე კი ვიცი რამდენი!
ვიცი, ო, ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ გეშინოდა ჩემი დარჩენის.
ვიცი! მწველია თეთრი სინათლე, ჭეშმარიტების სხივო, მარტვილო,
ვიცი! რომ სძულდე – უნდა გიყვარდეს და რომ უყვარდე – უნდა დასცინო.
ვინ წააყარა თოვლი ყვავილებს, ვინ აურია საღამოები!
ვიცი, ჰო, ვიცი, უნდა წავიდე, არ ვიცი ოღონდ, რატომ მოვედი.
მივდივარ… ო, იქ ზართა რეკაა და წყვდიადების ცივი სისველე.
ეჰ, მაპატიე, რა დროს ეგაა… გემუდარები, რამე მიშველე!
აღარ დავტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო, ერთხელ მაინც… ო, ერთადერთხელ მოდი და ჩუმად მითხარ: “მოვედი!”
ჰე! მიმიხმობენ ზარები მორჩილს, და გალობანი ფრთოსან ასულთა…
მადლობელი ვარ, რომ არსებობდი… და რომ სიზმარი ასე დასრულდა…

ლია რუსიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s