ნიკო

* * *

როცა პირველად შენი თვალები
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
– სიზმარი ახდა და გავიოცე.

როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე, შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.

როცა მომმართე, ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.

როცა შემაქე, გულში ვიყვირე,
როცა წახვედი, ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ,
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ…

ნიკო გომელაური


* * *
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

* * *
დღეს დავლევ რამეს,
შემდეგ ათივეს დავარღვევ მცნებას.
გავათევ ღამეს,
კახპებს შევასხამ… ხოტბას და ქებას.
მშვიდად და წყნარად
მე ვერსად მნახავთ, ვერ მნახავთ დაღლილს.
ვიცინებ მარად,
რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
შემიპყრობს ანცი.
დავცინებს ყველას და ცილს დავწამებ.
ვიქნები მკაცრი –
დავტოვებ ჩემსას, სხვის ცოლს ვაწამებ.
ცხოვრებამ მთელა,
საკმარისია, რაც მე ჩაის ვსვამ.
მიფრთხილდეს ყველა,
დღეს იმდენს დავლევ, იმდენს ჩავისხამ…
კერპებს გავიჩენ
და მათ დავსხავ სწორედ მშობლებად.
იმ გზას ავირჩევ,
წმინდანთა გზას რომ ძლიერ შორდება.
წავართმევ მოყვასს
რაც გააჩნია, რაც უშოვია.
ხარხარი მომკლავს,
რისთის გარჯილა, რად უშრომია?
დღეს დავლევ იმდენს
– ჯერ ცხოვრებაში, რომ არ გსმენიათ.
მოგისპობთ იმედს,
რომ მომავალი თითქოს თქვენია.
ვიქნები დინჯი
სუსტს როცა სცემენ ოცნი, ომახით.
რად მინდა ბრინჯი,
რომელი მარხვა? – ხორცი მომართვით!
გავწირავ იმათ,
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები.
ვიქცევი წვიმად,
რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები…

ახლა მისმინეთ როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა,
ბევრი მითმინეთ
და გამიძელით, გთხოვთ კიდევ ოდნავ:
დავცალე ქვევრი,
დავლოცე დედა, ძმები, ბებია.
ვიმღერე ბევრი
და კიდევ კარგი ჩამძინებია.

Continue reading

ნიკო გომელაური

რამდენი რამ დაწერილა წვიმაზე,
მე ახალი რაღა უნდა დავწერო?
მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე,
რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო.
რა ვქნა, კალამს ვერ ვაკადრებ დავდუმდე,
ფიქრი უნდა ფურცლებზე დავაქციო.
სულ ახალი ლექსით უნდა დავბრუნდე,
გუბეებში წრეებად რომ ვაქციო.
თუმცა სეტყვა სულ არ იწვევს რომანტიზმს,
ნამეტანსაც ნურავინ დაიბრალებს.
მე ის მიყვარს, ხულიგნურად როცა წვიმს,
ქალს რომ ჩითის კაბას გაუმჭვირვალებს.
ანდა წვიმას უდაბნოში რაღა სჯობს,
იქ ხომ წვეთი ოქროს ზოდის ფასია.
ოქროსთვის კი – ვიცი ძმა ძმას დაახრჩობს
ადამის შვილს არ აქვს სხვა ფანტაზია.
ხალხი ჩქარობს შეიტანოს, დაზვეროს,
ფლიდი ტყლაპო ფეხს უსველებს ჯინაზე.
მეც ახალი რაღა უნდა დავწერო,
იმდენი რამ დაწერილა წვიმაზე.