წვიმა

ცა დაიფარა რუხი ლაქებით, –
წვიმა წამოსვლად უკვე მზად იყო
და ალბათ ბევრი ჰქონდა სათქმელი,
საღამომდე რომ ვეღარ გადიღო.

დაიწყო…
ჰგავდა ჟღურტულს ბავშვისას,
გეგონებოდათ, ჩვილი დადისო.
მერე თანდათან უფრო გახშირდა,
მჭერმეტყველების ცეცხლით აივსო, –
ბევრი იბორგა, ბევრი იდავა,
ღრუბლებს მუშტივით თავში იცემდა…
მერე წავიდა სადღაც, მთის გაღმა,
იქაც – მაისის დასამტკიცებლად!

მიხეილ ქვლივიძე

Advertisements

მოსკოვის მეტროში

თხუნელასავით რომ დაძვრები მიწის ქვეშ ისევ,
ისევ და ისევ საზრუნავით ყელამდე სავსე,
უცებ გასასვლელს დაინახავ, გაიწევ მისკენ,
და… “Нет выхода” – შეგაჩერებს წარწერა კარზე.
გენიშნა, განა?! … “Нет выхода” ქართულად ასე
წაიკითხება: “არ ყოფილა შენი საშველი!”
შენზე ათასჯერ უკეთესნიც ამაოდ დაშვრნენ,
მამა გიცხონდა, რა მოხდება, შენც თუ დაშვრები!
რამდენიც გინდა ეჭიდავე ქართულ სტრიქონებს,
იჯექ და მარცვლე მოგონების კრიალოსანი,
გინდ გაიხსენე, გინდა შეთხზე, გამოიგონე
მიზეზი რამე, რამაც შენში მოჰკლა მგოსანი, –
ვერ გაიმართლებ თავს წინაშე მომავალ დროთა:
ასი წლის შემდეგ ვინმე ვაჟა ან ვინმე შოთა –
შავტუხა ბიჭი “დედაენას” გადაშლის მერხზე,
დაიზეპირებს სახელოვან სეხნიას ლექსებს,
დაატკბობს ტურფა მეტყველების ლაღი დინება…
იგი არც შვილი იქნება შენი,
მას არც სახელი ეხსომება, ცხადია, შენი,
სამაგიეროდ მას ქართული ეცოდინება!

 
მიხეილ ქვლივიძე

ეს დღე

ეს დღე დილიდან თავს იკავებდა
(ამინდი ჰგავდა დახურულ კოლოფს),
ნაწყენი ბავშვი იდგა კარებთან…
ეს დღე დილიდან თავს იკავებდა,
სასოწარკვეთით ატირდა ბოლოს.
და უცებ: ფიჭვთა ხმა საპაექრო
შეწყდა,
სანთლები წვიმას ჩაექრო.
სიჩუმე იწვა წაკითხულ წიგნით…
წვიმდა და წვიმას სურდა გაეგო,
თუ რა ხდებოდა ოთახის შიგნით.

მიხეილ ქვლივიძე