ლექსები კრებულიდან „სახსოვარი“

snow night

სამკუთხედი

წუხელ გვიანმა თოვლმა დამთოვა,
დილამ მაჩუქა თეთრი მანდილი,
სულ ყველაფერი ქართან დავტოვე
ბევრი ნანახი, ბევრი განცდილი.
დამიჭკნო ვარდი თებერვლის სუსხმა,
შენ მოხვიდოდი, მეგონა როცა,
მაშინ ბილიკზე გამოჩნდა სულ სხვა
და ბოლო თოვაც მან მომილოცა.

…ეხლაც თოვს, თეთრი
ნაძვი იძინებს,
შველას მთხოვს ვიღაც
მგზავრი დაღლილი,
მე კი, რატომღაც,
ვლოცულობ შენთვის
და ველი როდის
მოვა აპრილი.

 

* * *
ცრემლებად დამდის დარდის ღრუბელი,
გულში ინთება იმედის მთვარე,
რამდენი რამე დამრჩა უთქმელი,
მაგრამ განთიადს გადავაბარე.
დილამ თქვას, როგორ თენდება კენტად,
დილამ მოგიყვეს ღამის ნართები,
თითქო, ახლო ხარ, გულის კიდეზე,
მაინც ფიფქივით უჩინარდები.
თოვს და თებერვლის თოვლივით ნაზი
დილის ამბორი ცას ეფინება…
ნუ გამაღვიძებ, როცა გადაღლილს
შენს თბილ ბალიშზე ჩამეძინება.

დალი მუხაძე

წვიმამ ჩაიარა აღმართი ვერის,
რუხი კრამიტი სველდება… მღერის,
ცვივა ფოთოლი ათასი ფერის
შემოდგომაა.

მგზავრი მიღიღინებს, მიდის და სჯერა,
შორს, სახურავებს უსწორებს მზერას,
იმედის სხივი უნათებს ჯერაც _
საოცარია!

ნისლები უცხო მწვერვალებს რთავენ,
შორს მიაქვთ მთები, კანკალებს ღამე,
თეთრი ვარდები დახრიან თავებს…
გემშვიდობები.

დალი მუხაძე

* * *
ნახე, მზე დღეს როგორ ამოდიოდა?
საფეთქლებზე სუსხმა გადამიარა.
ქარვისფერი ცაცხვს ფოთოლი სცვიოდა
გაქრა გულზე ძველისძველი იარა.

ნახე, მზე დღეს როგორ ამობრიალდა?
დამავიწყდა წვიმები და ავდრები.
სულის ჩიტი სამღერლად აწრიალდა,
ამერია აზრები და დავთრები.

მთებზე იწვა ნისლი ცისკენ ახრილი
და ნარინჯი ბაღებს გადაეღვარა.
იდგა ჩემს წინ შემოდგომა დაღლილი
მკერდზე ოქროს დალალები ეყარა.

* * *
საიდუმლოა!
ვერ უნდა მიხვდე
როგორ ჭკნებიან
თეთრი ვარდები.
როგორ ნელ-ნელა
იშრიტება
წყარო იმედის
მარგალიტებად
დაიღვრება ცვარი ბალახზე
და მტრის ჯინაზე
ცხრაჯერ აღარ გამეცინება,
როცა ვიქნები
უშენოდ!…

დალი მუხაძე

რომ მოხდებოდეს

ა-ს

რომ მოხდებოდეს
სასწაული,
ჩამოდნებოდეს სანთელი.
ცხოვრება რას არ გასწავლის,
სად ჩაგიქრება ნათელი.
უმზეოდ როგორ გავძლებდი,
რომ არა შენი ხატება,
გულში რაცა მჭრის, ტიალი,
ტილოზემც დაიხატება.
ჩამოიფლითა ცის კალთა,
ქვეყანას ცეცხლი ედება…
ვაიმე, როგორ მიყვარს და
ის კი სად დაეხეტება!

* * *
აუ, თუ კაცი ხარ დამეხსენი!
რა დროს პოეზიით ბოდვებია,
ჩემი ერთი მადლი გავიხსენე,
ყველა დანარჩენი –  ცოდვებია.

ჭრელი სტრიქონები ვის რად უნდა,
როცა რეკლამებით ბრუვდებიან,
ისევ ძველი დარდი დამიბრუნდა,
მოგონებები კი ხუნდებიან.

ცის ზოლს ადევნებულ უდაბნოში
მიდის უგზო-უკვლოდ ქარავანი,
არ ღირს გახვრეტილი ერთი გროში
მათი გაბეყილი ფალავანი.

ჰოდა, თუ კაცი ხარ – დამეხსენი!
ყელში კაკტუსები გროვდებიან.
ერთი მადლი ძლივას გავიხსენე,
ყველა დანარჩენი – ცოდვებია.

მაგრამ ულექსებოდ გული, როგორც –
კარი ჯვარედინად აჭედილი,
ჯერ დაუკრეფავი ვენახები
მტრისგან უმოწყალოდ აჩეხილი.

გულს რა ვუყო, თორემ რა დროსია
პოეზიის ალით აალება…
…მეც ვწერ ხუთოსანი სტუდენტივით
ლექსებს – საშინაო დავალებას.

* * *
ფიქრი – ნისლიანი დილაა
გული – დახურული წვიმებით,
ნატვრა – თეთრი ღრუბლის ფთილაა,
ელვა – გაწყვეტილი იმედი.
მზერა – დანამული ნამებით,
სული – გაძარცვული უშენოდ,
წუთი – ასი წელი წამების,
იმედს როგორ უნდა ვუშველო?
ეხლა პოეზიის ჟამია,
შენთან – სიმშვიდეა სადაგი…
შენი გაღიმება შხამია,
შხამი – უტკბილესი ბადაგი.

დალი მუხაძე

* * *
ძალიან ეცადე – არ შემყვარებოდი,
გაკრთობდა ღიმილი, სიტყვა და სიმღერა,
ძალიან ვეცადე – არ შემყვარებოდი
მაგრამ… ვერ შევძელი ვერა და ვერა.
მზეობენ ალვები და … შემოდგომაა…
დაბორიალებენ ღრუბელთა ფთილები,
მე უკვე მიყვარდი, არ შემიყვაროო
სანამ მეტყოდი და გამაფრთხილებდი.
ახლა კი… რაღა დროს!
ქარს ძველი ფოთლები
სულ შენი სახლის წინ
მიმოუფანტია.
როგორ დაგაჯერო, მართლა, არ ვთამაშობ!
ვერაფრით მოვირგე გულგრილის მანტია.
ზოგჯერ რა ძნელია ყოფას უარყოფილს
დაუსვა სულ ბოლო ობოლი წერტილი.
ამ ბინძურ ჭაობში ეძებდე მარგალიტს
და მერე არ დარჩე სასოწარკვეთილი.
ო, როგორ ეცადე არ შემყვარებოდი,
დრომ შენც გადაგაწნა მხურვალე შოლტები.
გახსოვს, მეც შეგპირდი არ შეგიყვარებდი
მაგრამ… ეჰ… ვერაფრით, ვერაფრით
გშორდები.

ოფისის მცენარეები

ზეცის მარანში
მზე დაიწურა
ცოდვილ მიწაზე
ჩამოდნა წვიმად.
დგანან მზის ღვინით
მთვრალი ხეები,
ნაბახუსევი
ფოთლები სცვივათ…     /დ. მუხაძე/

ჰოდა, ოფისში, ჩემ ოთახში, ფანჯრის რაფაზე აყვავდა რაღაც მცენარე. არც კი ვიცი, რა ჰქვია. უბრალოდ მომწონს, ლამაზია და წყალს ვუსხამ. ჰოდა, აყვავდა. გამეხარდა, მომეწონა და გადავუღე სურათი. ფოთლებიც რა უცნაური ფერის აქვს… ოღონდ ეს ცოტა ადრე იყო, ზაფხულში 🙂

მაინც მოწყენილობაა… ერთნაირი სიუჟეტები, ერთნაირი სახეები, ერთი და იგივე ფრაზები და წინადადებები…

მერე გადავინაცვლე მეორე ფანჯარასთან. აქ წიწაკას ველოლიავები. გაიზარდა, მაგრამ თეთრი ყვავილების მეტი ვერაფერი ვიხილე. გაიშლება ყვავილი, ჩამოვარდება, მერე კიდევ ერთი გაიშლება, მერე მეორე და მესამე და ასე შემდეგ. წითელი პაწაწუნა წიწაკა კი არ ჩანს 😦
აი, სურათიც:

ესეც ყვავილი:

სამაგიეროდ, იცოცხლე, კაკტუსები იზრდება გადასარევად!
თუმცა, ყვავილი არ მინახავს მათი არასოდეს.

აქ, ფულის ხეც არის გარეული, ჯერ პატარაა, მაგრამ მასაც სათუთად ვუვლი და გაიზრდება ისიც აუცილებლად დიიდი ხე!

იცი, რა მენატრება?
თოვლიანი ქუჩები,
თოვლი ბაღის კიდეზე
ქარის მონაქუჩები.
კიდევ რა მენატრება?
(რითმა ითხოვს „ტუჩები“)
არა, ტუჩებს ვინ მაწვევს,
რისხვას ვერ გადვურჩები.   /დ. მუხაძე/

* * *

როგორ მინდოდა ერთი ფუთი
მარილის ნაცვლად
სულ ერთი წვეთი თაფლი მესვა
იის ფიალით,
როგორ მინდოდა დრო ქცეული
ფერფლად და ნაცრად
გადამერჩინა და დამეწყო
კვლავ ხეტიალი.
გავუჩინარდი… და ოცნებაც
წაიღო ქარმა.
ზღაპრულ კოშკისკენ უკვე აღარ
მიმიხარია,
ის თეთრი ვარდი, შენი გული
და შენი სიტყვა,
ამშვენებს ლარნაკს ჩემს ოთახში
დიდი ხანია.
როგორ მინდოდა ამეცდინა
შხამის ისარი
და ჩვენი ყოფა უსასრულო
სიზმრად მექცია.
მაგრამ რა ვუყოთ,
დასანანი მხოლოდ
ის არის,
რომ კიდევ ერთი
ქალი მოსწყდა
შენს კოლექციას.

დალი მუხაძე

დალი მუხაძე


* * *
აქ ეხლა თოვს და ფიფქების გუნდი
გათოშილ ტოტებს უმღერის ნანას.
ვიღაც გაუყვა ბილიკს მოთოვლილს
და დაემგვანა გუნდას ქვეყანა.
ვიღაც გაუყვა ბილიკს მოთოვლილს
და ბაღის კარი დატოვა ღია…
ქათქათა თოვლში ჭადრის ფოთოლი
ფრთამოტეხილი მტრედივით გდია…
ფრთამოტეხილი გდია ფოთოლი,
თურმე სიკვდილიც რა ადვილია…
და ბაღი თოვლში, როგორც სანთელი
ჩამოთეთრდა და
ჩამოილია…

* * *
ქარი ალეწავს ნაცრისფერ ღრუბლებს.
ცას შეაშფოთებს
და შეახმება შემოდგომა
ხმელი ხის ტოტებს.
გაუჭირდება
მარტო დგომა
პატარა ალვას,
სულის საშველად
ყვითელ ფოთოლს
გამომიწოდებს.

* * *
ა-ს

რა უსასრულო ლოდინი ვიცი.
შემოდგომები ცვლიან ზაფხულებს
და სული, როგორც ჯიუტი კვიცი
ებრძვის ქიმერებს და ბრმა ავსულებს.
შენ კი შორსა ხარ…
ძეწნის რტოს დახრილს
არ სჯერა სევდის მოწყენილ ფერთა…
მე კი მგონია მოხვალ და დაღლილს
ერთ მშვენიერ დღეს წამიყვან შენთან.

* * *
გახეთქილ ტუჩზე
წვიმის წვეთი
მლაშე
ცრემლივით
დამეცა,
თითქოს
ცამ მანიშნა:
მენაღვლებაო…

ნაცრისფერი დღე


დადგა ნაცრისფერი პერიოდი.

აი, ამას ვერ ვიტან, როცა ასეთ ხასიათზე ვდგები ხოლმე.

როცა არაფერი გახარებს და ყველაფერზე ნერვები გეშლება, ღიზიანდები. ვერავის ვერ იტან. იმას ვერ აკეთებ, რაც გინდა რომ გააკეთო. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ყველა შენს წინააღმდეგაა მომართული და მერფის ყველა ის დაუწერელი კანონი, რაც არსებობს ბუნებაში (ან არ არსებობს) ახლა, ამ წუთას კანონობს შენს წინაშე (ნუ, კარაქიანი პურის კარაქის მხარით ძირს დავარდნის ვარიანტში, რა).

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ეს ლექსი და ახლა როგორ უხდება დღევანდელ დღეს:

ვხედავ ნაცრისფერს, ისევ ნაცრისფერს,
ირგვლივ ყოველი ნაცრისფერია,
დღეა პირქუში, დღეა გაძრცვილი
და მეორდება მთელი წელია.
მთელი წელია პირქუში დღეა,
ასე მგონია მთელი წელია.
ჩემი ჭადრებიც, ჩემი ფანჯარაც,
ჩემი ფიქრებიც ნაცრისფერია.

სახლის კედელზე აწერია: “1 + 1 = 1″ და გამახსენდა, რაღაც ფილმშია: „ერთ წვეთი და კიდევ ერთი წვეთი, ეს ორი წვეთი კი არ არის, არამედ ერთ დიდ წვეთია”-ო. აი, რას ნიშნავს ეს წარწერა.

ამ პოსტს ძალიან უხდება დალი მუხაძის გრაფიკა.

პასუხი

არ გაგიკვირდეთ გულგაპობილებს
თუკი აღმოგვხვდა ლოცვა ღაღადი.
ცხოვრება ძერწავს ჩვენს მკაცრ პროფილებს
და საგზლად დაგვაქვს თეთრი ქაღალდი.
საოცრებათა ხალიჩებს ვქარგავთ
შხამსაც გვაწვდიან ბროლის ჭიქებით,
ზოგჯერ სიცოცხლეს იმისთვის ვკარგავთ,
რომ გავაცოცხლოთ გალაქტიკები.
ტყვიებს და ვარდებს ღიმილით ვხვდებით,
ვართ ზოგჯერ მუნჯნი, ზოგჯერ ხმოსნები,
სხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ და ვკვდებით
პოეტები და მუსიკოსები…
სხვაგვარად ვუმზერთ მზის დაბადებას,
სხვაგვარად გვესმის ხეთა შრიალი,
სხვათათვის როცა წვიმა წყალია,
ჩვენს სულში ჩნდება ორომტრიალი.
უმძიმეს ცოდვებს მივათრევთ მხრებით
წვეროსანნი და ზოგიც ქოსები…
სხვაგვარად ვცხოვრობთ,
სხვაგვარად ვკვდებით
პოეტები და მუსიკოსები…

დალი მუხაძე