თვალის ვარჯიშები

თვალი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანისთვის, მით უმეტეს, თანამედროვე დროში, როცა დღე-ღამის ძირითად ნაწილს კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ვატარებთ. ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

ყველაზე კარგი გამოსავალია თვალის ვარჯიშები.

თვალის ვარჯიშები შეიქმნა გაცილებით ადრე ჩვენს ერამდე. როდესაც იოგები ქმნიდნენ სავარჯიშოების კომპლექსს ადამიანის სახეულისთვის, მათ არც თვალები დავიწყებიათ, რადგან იცოდნენ, რომ ხედვის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია თვალების ვარჯიშები, ისევე როგორც, სრულფასოვანი დასვენება.

მთელი დღის განმავლობაში თვალი დაძაბულია, რადგან იღებს უამრავ ინფორმაციას და იღლება. ამიტომ დღეში რამდენჯერმე რამოდენიმე წუთს თუ გამოვნახავთ ვარჯიშებისთვის, შედეგი სახეზე იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ დავიწყებდეთ ვარჯიშს, გულდასმით წავიკითხოთ აღწერა და შევასრულოთ ის ზუსტად ისე, როგორც გვთავაზობენ, ყველა წვრილმანის გათვალისწინებით. ძირითადი კომპლექსი შედგება 5 სავარჯიშოსგან, მაგრამ მანამდე განვიხილოთ ვარჯიშები თვალისა და კისრის მოსადუნებლად.

თვალის დასვენება, იგივე პალმინგი.

დაჯექით სწორად, მოდუნდით. აიფარეთ სახეზე ხელები შემდეგნაირად: მარჯვენა ხელისგულის შუა ნაწილი უნდა ეფარებოდეს მარჯვენა თვალს, ხოლო მარცხენასი – მარცხენას. ხელისგულები უნდა იდოს რბილად, არ უნდა მივაჭიროთ ისინი თვალებს. ხელის თითები უნდა იყოს შუბლზე, ან გვერდით, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია თითებს შორის არ იყოს ჭრილი, საიდანაც შემოვა სინათლე. ამის მერე დავხუჭოთ თვალები, დავაწყოთ იდაყვები მაგიდაზე. მთავარია, თავი არ იყოს დახრილი და კისერი და ხერხემალი ერთ სწორ ხაზზე იმყოფებოდეს.

ამის შემდეგ უნდა წარმოიდგინოთ რაიმე სასიამოვნო, გაიხსენოთ მომენტები თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც სიამოვნებას განიჭებენ, შეგიძლიათ ამ დროს ჩართოთ მუსიკა. მინიმალური დრო ამ ვარჯიშისა, არის 15 წამი, მაგრამ უკეთესი შედეგი მიიღწევა, როცა მას რამდენიმე წუთს დაუთმობთ.

ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ნელა მოიცილეთ თვალებიდან ხელები, დააცადეთ დახუჭულ თვალებს, შეეგუონ სინათლეს და მხოლოდ ამის მერე გაახილეთ თვალები.

თვალებისა და კისრის მოდუნება. “წერა ცხვირით”

დაჯექით მოხერხებულად. მოდუნდით. დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხვირის წვერი ეს არის კალამი და დაიწყეთ მისი მეშვეობით “წერა”. “მოხაზეთ” ჰაერში ასოები, სიტყვები, წინადადებები ან უბრალოდ წრე, კვადრატი, სხვადასხვა ფიგურები.

 

იოგების ძირითადი კომპლექსი თვალებისთვის

იოგები ამტკიცებენ, რომ თუ ამ 5 ვარჯიშს გავაკეთებთ რეგულარულად დილას და საღამოს (სკოლის ასაკიდან დაწყებული), ღრმა სიბერემდე შევინარჩუნებთ კარგ მხედველობას და არასოდეს დაგვჭირდება სათვალე 🙂

კომპლექსის შესრულებამდე, დაჯექით მოხერხებულად, გაიმართეთ წელში, შეეცადოთ მოდუნდეთ. გაიხედეთ პირდაპირ და შორს. თუ წინ ფანჯარაა, გაიხედეთ მასში, თუ არა, მაშინ შეხედეთ კედელს.

ვარჯიში 1.

ჩაისუნთქეთ ნელა და ღრმად. შეხედეთ ცხვირის ზედა ნაწილს წარბებს შორის, გააჩერეთ მზერა რამდენიმე წამს. ნელა ამოისუნთქეთ და მზერა ისევ შორს გადაიტანეთ. დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. 2-3 კვირის მერე შეგიძლიათ მზერის გაჩერება გაზარდოთ რამდენიმე წამით, ხოლო 6 თვის შემდეგ რამდენიმე წუთით.

ვარჯიში 2.

ჩაისუნთქეთ ღრმად და შეხედეთ ცხვირის წვერს. გააჩერეთ მზერა რამდენიმე წამით, ამოისუნთქეთ და დააბრუნეთ მზერა საწყის მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები.

ვარჯიში 3.

ჩაისუნთქეთ და ნელა მოატრიალეთ თვალები (მიიხედეთ) მარჯვნივ (ოღონდ ძალიან არ დაძაბოთ). არ გააჩეროთ მზერა, ამოისუნთქეთ და დააბრუნეთ თვალები საწყის მდგომარეობაში. გააკეთეთ იგივე მარცხნივ. თავიდან გააკეთეთ ერთი ციკლი. 2-3 კვირის მერე – 2 ციკლი, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ 3 ციკლი. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით.

ვარჯიში 4.

ჩაისუნთქეთ და გაიხედეთ მარჯვენა მაღალ კუთხეში (დაახლოებით 45 გრადუსზე ვერტიკალიდან), არ გააჩეროთ მზერა, ამოისუნთქეთ და დააბრუნეთ თვალები საწყის მდგომარეობაში. შემდეგ ჩასუნთქვაზე გაიხედეთ მარცხენა ქვედა კუთხეში.  ამოისუნთქეთ და დააბრუნეთ თვალები საწყის მდგომარეობაში. თავიდან გააკეთეთ ერთი ციკლი. 2-3 კვირის მერე – 2 ციკლი, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ 3 ციკლი. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით.

ვარჯიში 5.

ჩაისუნთქეთ და დაუშვით თვალები დაბლა. შემდეგ ნელა მოატრიალეთ მზერა საათის ისრის მიმართულებით, გაჩერდით ზედა წერტილში 1 წამი (საათზე რიცხვი 12), ამოისუნთქეთ და გააგრძელეთ თვალების ტრიალი ქვემოთ საათის ისრის მიმართულებით, სანამ არ მიხვალთ ქვედა წერტილში (საათზე რიცხვი 6). თავიდან საკმარისია ერთი წრის გაკეთება, ნელ-ნელა კი შეგიძლიათ გაზარდოთ წერეების რაოდენობა სამამდე (2-3 კვირის მერე). ამ დროს, პირველი წრის შემდეგ არ უნდა შეჩერდეთ და დაიწყოთ მაშინვე მეორე წრე. ვარჯიშის დმტავრების შემდეგ დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ამის შემდეგ გააკეთეთ იგივე საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ.

კომპლექსი მთავრდება პალმინგით (3-5 წუთი).

Advertisements

როგორ შევინახოთ ზოგიერთი პროდუქტი

*
ციტრუსოვანთა ნაყოფი დიდხანს შეინახება, თუ მათ მცენარეული ზეთით გავპოხავთ, ცელოფნის პარკში ან თავდახურულ ჭურჭელში მოათავსებთ და ცივ ადგილას შეინახავთ.
*
ახალი კიტრი რამდენიმე დღის განმავლობაში შეინახება, თუ ყუნწის მხრიდან სამი მეოთხედით წყალში ამყოფებთ და წყალს ყოველდღურად გამოუცვლით.
*
მაცივარში კვერცხი ორ კვირაზე მეტ ხანს არ შეინახოთ. თუ თითოეულ კვერცხს ცალ-ცალკე ქაღალდში შეახვევთ და კვირაში ერთხელ გადააბრუნებთ (გვერდს შეუცვლით), იგი უფრო დიდხანს შეინახება. შეიძლება უმაცივროდაც იოლას გახვიდეთ – კვერცხები შაშხის ცხიმით ან მზესუმზირის ზეთით გაპოხეთ.
*
უმი ბოსტნეული და მწვანილი კარგად ინახება, თუ მათ სველ ტილოში შეახვევთ.
*
თუ ხახვის ბოლქვის მხოლოდ ნახევარი გამოიყენეთ, მეორე ნახევარის განაჭერს ცხიმი წასცხეთ და უკეთ შეინახება.
*
დამჭკნარი მწვანილი – ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური გაახლდება, თუ ძმრიან წყალში მოათავსებთ.
*
ლიმონი დიდხანს შეინახება, თუ მას მშრალ სილაში შეინახავთ. სილა კარგად გააშრეთ, ყუთში ჩაყარეთ და შიგ ლიმონები ისე ჩაალაგეთ, რომ ერთმანეთს არ შეეხონ.

დიასახლისებისთვის

  • შალის თხელი საბანი უსწორმასწოროდ არ გაიქაჩება, თუ გარეცხვის შემდეგ თოკზე დიაგონალურად გადაკიდებთ.
  • ტყავის დივანი და სავარძლები მშრალი ჩვრით გაწმინდეთ – ტენისგან ტყავი შეიძლება დასკდეს.
  • რბილ ავეჯზე სველი ჩვარი დააფარეთ და ოთახიდან გაუტანლად ჯოხით გაბერტყეთ – მტვერს ჩვარი შეიწოვს.
  • ერთდროულად ნუ იხმართ საპონსა და სარეცხ ფხვნილს – რეცხვის ეფექტი გაცილებით მცირე იქნება.
  • თუ გსურთ, წვეულების შემდეგ ოთახში თამბაქოს სუნი გააქროთ (განიავება ამ დროს ნაკლებეფექტურია), 3-4 ადგილას გაფინეთ წყალში დასველებული ხაოიანი პირსახოცი, რომელიც სწრაფად შეიწოვს უსიამოვნო სუნს.
  • ხავერდის ავეჯი არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ მტვერსასრუტით, ცოცხით თუ მაგარი ჯაგრისით, რათა ქსოვილის ხაო არ დაზიანდეს. უმჯობესია, ისინი ჩვრით გაასუფთავოთ.
  • ბინის შეღებილი კარი საპნიანი ცივი წყლით გარეცხეთ ქვემოდან ზემოთ (რათა ზოლები არ წარმოიქმნას), შემდეგ კი ცივ წყალში ამოვლებული სუფთა ჩვრით გააპრიალეთ. კარი კარგად იწმინდება კარტოფილის ნახარშითაც.
  • ოთახში ახალი საღებავის სუნი რომ გააქროთ, ჯამში წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ, წყალი დაასხით და იატაკზე დადგით.
  • ხაოიანი ქსოვილის პირსახოცი ან ხალათი უფრო ფუმფულა რომ გახდეს, გარეცხვის შემდეგ ცოტ ხნით მარილწყალში მოათავსეთ, შემდეგ გაცლეთ და გააშრეთ. ნუ გააუთოებთ.
  • რეცხვისას ხის ღილი არ გაფუჭდება, თუ მას უფერული ლაქის თხელი ფენით დაფარავთ.

მართლწერა

ზოგიერთი სიტყვა, რომლის შემდეგაც არ იწერება მძიმე (ხშირად ეშლებათ):

თუმცა
ალბათ
ახლა
აგერ
ნეტავ
უცებ
მართლაც
ზოგჯერ
ამჯერად
შემდგომში

ზოგიერთი სიტყვა, რომელიც ორივე მხრიდან გამოიყოფა მძიმით:

, რა თქმა უნდა,
, მით უმეტეს,
, შეძლებისდაგვარად,
, ამ შემთხვევაში,
, ამგვარად,
, შესაბამისად,
ასე, მაგალითად,