ლექსები კრებულიდან „სახსოვარი“

snow night

სამკუთხედი

წუხელ გვიანმა თოვლმა დამთოვა,
დილამ მაჩუქა თეთრი მანდილი,
სულ ყველაფერი ქართან დავტოვე
ბევრი ნანახი, ბევრი განცდილი.
დამიჭკნო ვარდი თებერვლის სუსხმა,
შენ მოხვიდოდი, მეგონა როცა,
მაშინ ბილიკზე გამოჩნდა სულ სხვა
და ბოლო თოვაც მან მომილოცა.

…ეხლაც თოვს, თეთრი
ნაძვი იძინებს,
შველას მთხოვს ვიღაც
მგზავრი დაღლილი,
მე კი, რატომღაც,
ვლოცულობ შენთვის
და ველი როდის
მოვა აპრილი.

 

* * *
ცრემლებად დამდის დარდის ღრუბელი,
გულში ინთება იმედის მთვარე,
რამდენი რამე დამრჩა უთქმელი,
მაგრამ განთიადს გადავაბარე.
დილამ თქვას, როგორ თენდება კენტად,
დილამ მოგიყვეს ღამის ნართები,
თითქო, ახლო ხარ, გულის კიდეზე,
მაინც ფიფქივით უჩინარდები.
თოვს და თებერვლის თოვლივით ნაზი
დილის ამბორი ცას ეფინება…
ნუ გამაღვიძებ, როცა გადაღლილს
შენს თბილ ბალიშზე ჩამეძინება.

ყვავილების დღე

დღეს 28 ნოემბერია. იაპონიაში თურმე ყვავილების დღეს აღნიშნავენ.

დღეს დილით, სამსახურში რომ მოვედი, ეზოში ასეთი ასფალტი დამხვდა. სასწრაფოდ სურათი გადავუღე მობილურით.

„…ნეტავი ახლა ამ წვიმიან დღეს
რამ გამახსენა ის ფოთოლცვენა?
იქნებ მომნახეს მოგონებებმა,
იქნებ წარსულმა ხმა მომაწვდინა?
მე კი რატომღაც სხვაზე ვფიქრობდი
და მაინც, მაინც… საოცარია.
კვლავ გამახსენდა ის შემოდგომა
და ესეც მხოლოდ შენი ბრალია“.

ოთახში რომ ავედი, ციოდა. ჩემი ქოთნის ყვავილებიც მოწყენილები იყვნენ და ფოთლები ჩამოეშვათ. წიწაკებს წყალი დავუსხი. ბევრი ყვავილები აქვთ, ესე იგი, მალე ნაყოფიც იქნება. ამას წინათ, სამი ცალი უკვე მოვჭერი. საშინლად მწარეა! მოჭრის წინ სურათიც გადავუღე. ჩემს ოთახში, ფანჯრის რაფაზე დგას. ვინახავ სათუთად (სურათს, რა თქმა უნდა).

ოთარ ჭილაძის ლექსი გამახსენდა. როგორ მიყვარს:

„…ჩემს წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი
გამოფიტული და დაქანცული
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები…”

დალი მუხაძე

წვიმამ ჩაიარა აღმართი ვერის,
რუხი კრამიტი სველდება… მღერის,
ცვივა ფოთოლი ათასი ფერის
შემოდგომაა.

მგზავრი მიღიღინებს, მიდის და სჯერა,
შორს, სახურავებს უსწორებს მზერას,
იმედის სხივი უნათებს ჯერაც _
საოცარია!

ნისლები უცხო მწვერვალებს რთავენ,
შორს მიაქვთ მთები, კანკალებს ღამე,
თეთრი ვარდები დახრიან თავებს…
გემშვიდობები.

დალი მუხაძე

* * *
ნახე, მზე დღეს როგორ ამოდიოდა?
საფეთქლებზე სუსხმა გადამიარა.
ქარვისფერი ცაცხვს ფოთოლი სცვიოდა
გაქრა გულზე ძველისძველი იარა.

ნახე, მზე დღეს როგორ ამობრიალდა?
დამავიწყდა წვიმები და ავდრები.
სულის ჩიტი სამღერლად აწრიალდა,
ამერია აზრები და დავთრები.

მთებზე იწვა ნისლი ცისკენ ახრილი
და ნარინჯი ბაღებს გადაეღვარა.
იდგა ჩემს წინ შემოდგომა დაღლილი
მკერდზე ოქროს დალალები ეყარა.

* * *
საიდუმლოა!
ვერ უნდა მიხვდე
როგორ ჭკნებიან
თეთრი ვარდები.
როგორ ნელ-ნელა
იშრიტება
წყარო იმედის
მარგალიტებად
დაიღვრება ცვარი ბალახზე
და მტრის ჯინაზე
ცხრაჯერ აღარ გამეცინება,
როცა ვიქნები
უშენოდ!…

ეთერ ზარიძე

ვწუხვარ

ვწუხვარ, მთები გულის წადილს რომ არ მიყოფს,
ფიქრი ნისლად გაეფინა ქარაფებზე…
ჩემო კარგო, შენ რომ ახლა ჩემთან იყო,
მაშინ აღარ ვიდარდებდი არაფერზე.
ღრუბლის ქულებს ალბათ ხელით შევწვდებოდი,
ახდებოდა ნატვრა ზეცად ანაფრენი,
მაგრამ ვიცი, რომ ეს ფიქრიც ამაოა,
სამყაროში არ იცვლება არაფერი.
ვწუხვარ, მაშინ ყველაფერი რომ ვერ ითქვა,
ვწუხვარ, რომ არ ამისრულდა განზრახული,
წრფელი გრძნობა სურვილს რომ ვერ გაერითმა,
ნაადრევად დამიზამთრდა გაზაფხული.

დალი მუხაძე

რომ მოხდებოდეს

ა-ს

რომ მოხდებოდეს
სასწაული,
ჩამოდნებოდეს სანთელი.
ცხოვრება რას არ გასწავლის,
სად ჩაგიქრება ნათელი.
უმზეოდ როგორ გავძლებდი,
რომ არა შენი ხატება,
გულში რაცა მჭრის, ტიალი,
ტილოზემც დაიხატება.
ჩამოიფლითა ცის კალთა,
ქვეყანას ცეცხლი ედება…
ვაიმე, როგორ მიყვარს და
ის კი სად დაეხეტება!

* * *
აუ, თუ კაცი ხარ დამეხსენი!
რა დროს პოეზიით ბოდვებია,
ჩემი ერთი მადლი გავიხსენე,
ყველა დანარჩენი –  ცოდვებია.

ჭრელი სტრიქონები ვის რად უნდა,
როცა რეკლამებით ბრუვდებიან,
ისევ ძველი დარდი დამიბრუნდა,
მოგონებები კი ხუნდებიან.

ცის ზოლს ადევნებულ უდაბნოში
მიდის უგზო-უკვლოდ ქარავანი,
არ ღირს გახვრეტილი ერთი გროში
მათი გაბეყილი ფალავანი.

ჰოდა, თუ კაცი ხარ – დამეხსენი!
ყელში კაკტუსები გროვდებიან.
ერთი მადლი ძლივას გავიხსენე,
ყველა დანარჩენი – ცოდვებია.

მაგრამ ულექსებოდ გული, როგორც –
კარი ჯვარედინად აჭედილი,
ჯერ დაუკრეფავი ვენახები
მტრისგან უმოწყალოდ აჩეხილი.

გულს რა ვუყო, თორემ რა დროსია
პოეზიის ალით აალება…
…მეც ვწერ ხუთოსანი სტუდენტივით
ლექსებს – საშინაო დავალებას.

* * *
ფიქრი – ნისლიანი დილაა
გული – დახურული წვიმებით,
ნატვრა – თეთრი ღრუბლის ფთილაა,
ელვა – გაწყვეტილი იმედი.
მზერა – დანამული ნამებით,
სული – გაძარცვული უშენოდ,
წუთი – ასი წელი წამების,
იმედს როგორ უნდა ვუშველო?
ეხლა პოეზიის ჟამია,
შენთან – სიმშვიდეა სადაგი…
შენი გაღიმება შხამია,
შხამი – უტკბილესი ბადაგი.

დალი მუხაძე

* * *
ძალიან ეცადე – არ შემყვარებოდი,
გაკრთობდა ღიმილი, სიტყვა და სიმღერა,
ძალიან ვეცადე – არ შემყვარებოდი
მაგრამ… ვერ შევძელი ვერა და ვერა.
მზეობენ ალვები და … შემოდგომაა…
დაბორიალებენ ღრუბელთა ფთილები,
მე უკვე მიყვარდი, არ შემიყვაროო
სანამ მეტყოდი და გამაფრთხილებდი.
ახლა კი… რაღა დროს!
ქარს ძველი ფოთლები
სულ შენი სახლის წინ
მიმოუფანტია.
როგორ დაგაჯერო, მართლა, არ ვთამაშობ!
ვერაფრით მოვირგე გულგრილის მანტია.
ზოგჯერ რა ძნელია ყოფას უარყოფილს
დაუსვა სულ ბოლო ობოლი წერტილი.
ამ ბინძურ ჭაობში ეძებდე მარგალიტს
და მერე არ დარჩე სასოწარკვეთილი.
ო, როგორ ეცადე არ შემყვარებოდი,
დრომ შენც გადაგაწნა მხურვალე შოლტები.
გახსოვს, მეც შეგპირდი არ შეგიყვარებდი
მაგრამ… ეჰ… ვერაფრით, ვერაფრით
გშორდები.

* * *

როგორ მინდოდა ერთი ფუთი
მარილის ნაცვლად
სულ ერთი წვეთი თაფლი მესვა
იის ფიალით,
როგორ მინდოდა დრო ქცეული
ფერფლად და ნაცრად
გადამერჩინა და დამეწყო
კვლავ ხეტიალი.
გავუჩინარდი… და ოცნებაც
წაიღო ქარმა.
ზღაპრულ კოშკისკენ უკვე აღარ
მიმიხარია,
ის თეთრი ვარდი, შენი გული
და შენი სიტყვა,
ამშვენებს ლარნაკს ჩემს ოთახში
დიდი ხანია.
როგორ მინდოდა ამეცდინა
შხამის ისარი
და ჩვენი ყოფა უსასრულო
სიზმრად მექცია.
მაგრამ რა ვუყოთ,
დასანანი მხოლოდ
ის არის,
რომ კიდევ ერთი
ქალი მოსწყდა
შენს კოლექციას.

დალი მუხაძე

დალი მუხაძე


* * *
აქ ეხლა თოვს და ფიფქების გუნდი
გათოშილ ტოტებს უმღერის ნანას.
ვიღაც გაუყვა ბილიკს მოთოვლილს
და დაემგვანა გუნდას ქვეყანა.
ვიღაც გაუყვა ბილიკს მოთოვლილს
და ბაღის კარი დატოვა ღია…
ქათქათა თოვლში ჭადრის ფოთოლი
ფრთამოტეხილი მტრედივით გდია…
ფრთამოტეხილი გდია ფოთოლი,
თურმე სიკვდილიც რა ადვილია…
და ბაღი თოვლში, როგორც სანთელი
ჩამოთეთრდა და
ჩამოილია…

* * *
ქარი ალეწავს ნაცრისფერ ღრუბლებს.
ცას შეაშფოთებს
და შეახმება შემოდგომა
ხმელი ხის ტოტებს.
გაუჭირდება
მარტო დგომა
პატარა ალვას,
სულის საშველად
ყვითელ ფოთოლს
გამომიწოდებს.

* * *
ა-ს

რა უსასრულო ლოდინი ვიცი.
შემოდგომები ცვლიან ზაფხულებს
და სული, როგორც ჯიუტი კვიცი
ებრძვის ქიმერებს და ბრმა ავსულებს.
შენ კი შორსა ხარ…
ძეწნის რტოს დახრილს
არ სჯერა სევდის მოწყენილ ფერთა…
მე კი მგონია მოხვალ და დაღლილს
ერთ მშვენიერ დღეს წამიყვან შენთან.

* * *
გახეთქილ ტუჩზე
წვიმის წვეთი
მლაშე
ცრემლივით
დამეცა,
თითქოს
ცამ მანიშნა:
მენაღვლებაო…