
მალე გამოვა დალი მუხაძის ლექსების ახალი მესამე კრებული, რომელსაც (გაგიმხელთ საიდუმლოს და გეტყვით) ჰქვია: “ძველ გზაზე”.
ალბათ უმრავლესობისთვის ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მე მინდა, რამდენიმე ლექსი მოვიყვანო აქ ახალი კრებულიდან.
ძველ გზაზე
ძველ გზაზე მიგორავს მზისფერი გორგალი,
ყვავები კემსავენ ცის ნაგლეჯს, ღრუბლიანს,
უცვლელი მიგორავს სიცოცხლის ბორბალი,
ლურჯი ჰორიზონტი მიღმეთის ზღურბლია.
ძველ გზაზე გახუნდა ჭრელჭრულა თავშალი,
იფინეს ლოდებმა ნისლების კოტორი,
ძველ გზაზე მუხაა, ნამეხი, მაშვრალი,
მთის წვერზე ნალეწი ჩანს ციხე-გოდოლი.
ძველ გზაზე რამდენჯერ, რამდენჯერ გაწვიმდა!
თქეშმა და ქარბუქმა ოცნებაც წაშალა,
და მაინც ვერ ვტოვებ შეჩვეულ გზაწვრილს და
არ მეიმედება ახალი გზაშარა.
არ მეიმედება ცისფერი კოშკები,
ახალი ნაპირი, ბროლის გზა ელვარე…
ისევ ის სავალი, ძველი, მირჩევნია,
რომ ვერ შეცვლი და ვერაფრით ვერ გალევ.
* * *
ნეტავ, მტერო, შავფერ დარდებს რა გილევს?
როგორ კერავ რწმენის ფარდაგ-ხალიჩას?
მაგ ცოდვიან შარბათს ვინღა დაგილევს,
როცა სული შურმა ორად გახლიჩა.
სად ხარობენ სიყვარულის იანი?
საით მიდის სინანულის მდინარე?
ეს ქვეყანა ფეხით შემოვიარე,
არსად შემხვდა კაცი სანდომიანი.
ნეტავ, მტერო, ჩემში არ დაგებუდა,
იქნებ ჩემი ქედმაღლობის ბრალია,
რომ სიკეთეს სავალი აებურდა
და სიმართლემ ჩაილური დალია.
გამხელა
თავისუფლებას ვერ წაართმევ მერცხლებს,
შაშვებს დაუშლი დილით გალობას?
მე კი მღვიმეში უშუქოდ ვერ ვძლებ
და ველოდები ახალმთვარობას.
როგორ მოდრიკა ქარმა ძეწნის ტანი,
სეტყვამ დაიგო ფეხქვეშ ყანობი.
სამტროდ მოსული “მოძმე” ვერ ვიცანი,
ვნანობდი…
მზემ მიატოვა ზეცა უსამანო,
ყვავებს არ სძინავთ, ენაჭარტალებს.
ყორანს ჩაუბღუჯავს ბრჭყალით დედამიწა
და უკუნეთში მიაჭვარჭვალებს.
საავდრო ლექსი
ერთხელაც ისე გამოიდარებს,
რომ პეპლები და “მზის ნატეხი” ფუტკრები
ჩაგვისახლდებიან ოთახებში და
ციცქნა ბეღურებიც ნისკარტით დაივარცხნიან
მუდამ აბუზულ ბუმბულს.
ერთხელაც ისე გამოიდარებს სულშიც,
ტვინშიც, შინ და გარეთ,
რომ ქუჩაში, უპატრონო ძაღლებს
სულ სითბოთი და სიყვარულით დააპურებენ.
ჩვენთვის გაჩენილ კატებს მიეფერებიან
ფაფუკ კუდებზე და… შინ წაიყვანენ.
ერთხელაც ისე გამოიდარებს, რომ
სიყვარულით გულები მართლა გვირილებად
გადაიქცევიან,
აავსებენ ბიბინა ველებს და ცისარტყელებს
შემოიკრავს ქალაქი ქამრად.
აბრა: “გაჩუქებთ ულამაზეს ქოთნის ყვავილებს”.
მიწა დაგვიძახებს გამოდარებულზე, ჩაგვიკონებს,
ამოიქვითინებს პურის ყანებს და ყაყაჩოებს,
მონატრებული…
ჰო, სიზმარშიაც ვეღარ ვნახავთ უამინდობას.
დეკემბერი
ბურუსმა დაბურა ხევი,
ღრუბელი ზეცაზე ზოზინობს:
ბაღების გადატყდა ხემი –
დუმს ვ ი ო ლ ი ნ ო.
ფოთოლი ჩამაკვდა ხელში,
მზე რუხი დღეების გერია.
მთვრალი ნისლები ხევში
მ ღ ე რ ი ა ნ.
სულში ჩატრიალდა ნაღველი,
სულში დაიბუდა სიცივემ.
ცაო, ნუ გრცხვენია გამხელის,
ცაო, ნუ გრცხვენია, ი წ ვ ი მ ე!
ეხლა ნაცრისფერი დრო არის,
ეხლა ლეგა ფერის ჯერია…
რას იზამ, “დრო რო მოალის…”
დ ე კ ე მ ბ ე რ ი ა.



























